შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, 28 ნოემბრიდან მიმდინარე მანიფესტაციების საქმეზე, 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა“.
კუპატაძის თქმით, მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.
„სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, — განაცხადა კუპატაძემ.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე აქციების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 353-ე პრიმა მუხლებით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. აღნიშნული მუხლები 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.