პირველი ვიდეო იწყება მცირე კადრით, სადაც რაღაც, ბრტყელი საგანი დევს ქვაფენილზე და შემდეგ ეს კადრი წყდება და შემდეგ კადრთან ლოგიკური ბმა არ აქვს – ვიდეოს აკლია ფრაგმენტი, სავარაუდოდ ის კადრი, სადაც ჩანს, რომ რაღაც საგნის გასროლა მოხდა დემონსტრანტების საპირისპირო მხრიდან,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესზე, მოწმე ექსპერტმა მარიკა ტოკლიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც დაცვის მხარის მოთხოვნის შემდეგ, ბრალდებულების გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარა.
მისი თქმით, პირველ ვიდეოზე, სადაც გური მირცხულავას მიერ საგნის გასროლა ჩანს, დამიზნებით გასროლა არ ყოფილა.
„თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ წარმოდგენილი ვიდეოდან პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. პირველი ვიდეო იწყება მცირე კადრით, სადაც რაღაც, ბრტყელი საგანი დევს ქვაფენილზე და შემდეგ ეს კადრი წყდება და შემდეგ კადრთან ლოგიკური ბმა არ აქვს. ასევე, ვიდეოს 07.00 წამზე არის ჭრა და კადრი გრძელდება იმით, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, გური მირცხულავა იყურებიან ძირს, ერთი მიმართულებით, სავარაუდოდ, რომელსაც გური მირცხულავა შემდეგ ხელში იღებს. ვიდეოს აკლია ფრაგმენტი, სავარაუდოდ ის კადრი, სადაც ჩანს, რომ რაღაც საგნის გასროლა მოხდა დემონსტრანტების საპირისპირო მხრიდან.
გასროლილი საგნის რაობის დადგენა კადრებით, მისი წონისა და ზომის იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაგრამ საშიშია თუ არა ეს გასროლილი საგანი, ამის დადგენა უნდა მოხდეს საგნის წონის, გასროლისა და დაცემის წერტილებს შორის მანძილზე გაზომვის შემდეგ. ვიდეოში ჩანს, საგნის გასროლის მომენტი, ასევე ფარები, სავარაუდოდ, სადაც ზოლად დგანან პოლიციელები.
გასროლის კუთხე გაიზომა და დაახლოებით 45-50 გრადუსი კუთხე გამოვიდა, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დამიზნებით გასროლა გამორიცხული იყო. თუ დამიზნებით გასროლა იქნებოდა კუთხის გრადუსი 0 იქნებოდა”,- განაცხადა მარიკა ტოკლიკაშვილმა.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, სადაც ჯანო არჩაია ჩანს, მარიკა ტოკლიკაშვილის განცხადებით, „პირისპირ დგანან სპეციალური დანაყოფის რაზმები და დემონსტრანტები, ჩანს, რომ ორივე მხრიდან ხდება საგნების სროლა“.
„დემონსტრანტების მიერ ნასროლ ნივთებს, უკან ესვრიან პოლიციელები და პირიქით. ჯანო არჩაიას მიერ ნასროლი საგანი ვარდება პოლიციელთა ფეხებთან, რომელიც დაცემის შემდეგ დაგორდა. მრგვალი, მცირე ზომის საგანია, რომელიც პოლიციელთა ფეხებთან ვარდება და არავის არ ხვდება, ასევე ამ კადრში ჩანს, რომ ერთი პოლიციელი ოდნავ წინ არის გამოწეული, რომელიც რაღაცას იღებს.
რომ ვთქვათ, რომ საგანი მძიმე იყო სხვადასხვა ფაქტორები უნდა ვიცოდეთ. ვიდეოს ასევე აქვს მონტაჟის ნიშნები”,- განაცხადა მარიკა ტოკლიკაშვილმა.
