საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 2024-2025 წლებში, აქციების კონტექსტში დაკავებული მოქალაქეების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც მომზადდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომების მონიტორინგის საფუძველზე. ანგარიშის მიხედვით, “სასამართლო განხილვებმა გამოავლინა შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები, სადაც სახელისუფლებო აპარატი სრულად იყო ჩართული, მათ შორის, სამართლებრივი და პროპაგანდისტული რესურსების გამოყენებით”.
საია-მ შეისწავლა 2024 წლის გაზაფხულზე, რუსულ კანონთან დაკავშირებულ ქციებზე დაკავებული მოქალაქეების, ასევე, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეები. ორგანიზაციის იურისტები, ჯამში, დააკვირდნენ 69 ბრალდებულის 300-ზე მეტ სხდომას, რის საფუძველზეც გამოავლინეს შემდეგი პრობლემური გარემოებები:
პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად
აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ყველა პირს როგორც თავიდანვე, ისე ყველი მომდევნო განხილვისას პატიმრობა შეუფარდეს. საია-ში აცხადებენ, რომ მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების – საქმიანობის, ასაკის, ჯანმრთელობის, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე იღებდნენ.
საია-ს შეფასებით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება ემსახურება არა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, არამედ მათ დასჯას.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევები
საია-ს მონაცემებით, ბრალდებულთა 19% საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.
“არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანცმა, ანასტასია ზინოვკინამ, არტემ გრიბულმა, თევდორე აბრამოვმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და მზია ამაღლობელმა. ამასთანავე, რამდენიმე ბრალდებული საუბრობდა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე, როგორებიცაა: სიცხე და არასათანადო ვენტილაცია, საკანში ტარაკნების არსებობა, წყლისა და კანალიზაციის პრობლემა. რამდენიმე პატიმარი ასევე მიუთითებდა დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე”, – წერია საია-ს ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, არაეფექტიანია ამ ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდეგ უკვე პროკურატურას არ გამოუვლენია პასუხისმგებელი პირები. უფრო მეტიც, საბა სხვიტარიძის გარდა დაზარალებულის სტატუსიც კი არავის აქვს.
საჯაროობის პრინციპის დარღვევა
საჯაროობის პრინციპი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას თავდაპირველად მოსამართლეები ინდივიდუალურად იღებდნენ, მოგვიანებით კი ეს შეზღუდვები “ქართულმა ოცნებამ” დააკანონა.
“პირველ ეტაპზე საჯაროობა იზღუდებოდა ინდივიდუალური მოსამართლეების თვითნებობით ან/და პროცესების მცირე დარბაზში ჩატარებით, რაც დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას ართმევდა. შემდგომ მედიებს შეეზღუდათ პროცესების გაშუქება და გაუარესდა კანონმდებლობა სასამართლოს გამჭვირვალობის თვალსაზრისით. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, დაუშვებელი გახდა: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. გადაღებული მასალების გავრცელება ასევე სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში მოექცა – მას შეუძლია, გაავრცელოს ან არ გაავრცელოს თავის ხელთ არსებული ფოტო, კინო და ვიდეო მასალები. ცვლილებებით, პრაქტიკულად, სრულად შეიზღუდა მედიის მიერ პროცესების გაშუქება”, – წერია საია-ს მომზადებულ დოკუმენტში.
საქმეების გაჭიანურება
საია-ს დაკვირვებით, 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეები მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამის მიზანი ის იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერ მოესწრო მათი შეწყალება.
“სხდომები, უმეტესად, 2 თვეში ერთხელ , პატიმრობის სავალდებულოდ გადასინჯვის აუცილებლობის გამო ინიშნებოდა, რაზეც დაცვის მხარის წარმომადგენლები მუდმივად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. განხილვა დროულად არ სრულდებოდა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოესწრო”, – წერია დოკუმენტში.
დაცვის უფლების შეზღუდვა
საია-მ აღწერა შემთხვევები, როცა სასამართლო უხეშად ერეოდა დაცვის უფლებაში.
“თერთმეტი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებულს უსაფუძვლოდ, სავალდებულო წესით დაუნიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი, მაშინ, როდესაც, ერთის გარდა, ყველა დანარჩენი ბრალდებულის ადვოკატები სხდომას ესწრებოდნენ და აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, მათ საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნის კანონისმიერი საფუძვლები. პრევენციულად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ასევე ბრალდებულსა და ადვოკატს შორის ნდობის ფაქტორი. ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ნდობას. ბრალდებულთა მიერ სხდომაზე გაცხადებული პოზიციით, მათ ამ მიზნით ჰყავდათ კერძო, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატები”, – წერია დოკუმენტში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს თარჯიმნებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.
“თარჯიმნის არაკვალიფიციურობა ან თარგმნის პროცესში გამოვლენილი არსებითი ხარვეზები პირდაპირ ზღუდავს ბრალდებულის უფლებებს, განსაკუთრებით, დაცვის ეფექტიანი განხორციელებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის თვალსაზრისით. როდესაც ბრალდებულს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის შინაარსი, მათ შორის,ბრალდების ფორმულირება, მტკიცებულებების შეფასება და მოწმეების ჩვენებები, იგი ვერც საკუთარი პოზიციის გამოხატვას ახერხებს და ვერც დაცვის მექანიზმებს იყენებს ადეკვატურად. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარემ განმარტა, რომ თარჯიმნის მიერ განხორციელებული თარგმანი არ ემსახურებოდა ბრალდებულის ინტერესებს და ზოგჯერ იყო მნიშვნელოვნად არასაკმარისი ან არასათანადო. გამოწვევები უკავშირდებოდა როგორც თარგმნის ხარისხს, ასევე ნეიტრალურობისა და ეთიკური სტანდარტების დარღვევას, რაც არსებითი ბარიერი იყო პროცესში ბრალდებულის სრულფასოვანი მონაწილეობისა და დაცვის უფლების რეალიზებისთვის”, – წერია დოკუმენტში.
სპეცრაზმელთა და მეთაურთა დაუსჯელობა
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საია-ს შეფასებით, აქციების კონტექსტში დაკავებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა “მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ”.




