აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში რჩება

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
“ჩვენს მიერ ალტერნატივის სახით შეთავაზებული გირაო აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მიზნების უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან რაიმე განსაკუთრებული ახალი გარემოება აქ არ არსებობს და რაღაც გარკვეულ ეტაპზე ამ საკითხზე ნამსჯელი აქვს, ძალაში დაეტოვებინა [პატიმრობა]” – ამბობს შანიძის ადვოკატი.
უფლებადამცველის ინფორმაციითვე, შემდგომ პროცესებზე ბრალდებულის მხარე იმუშავებს საპროცესო შეთანხმებების მიმართულებითაც.
შანიძე მიმდინარე წლის 8 მაისს დააკავეს. მას სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ედავება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა, 9-ვე მოქალაქე დღემდე პატიმრობაში რჩება.