აქციაზე პოლიციელმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს ხელკეტი დაარტყა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა. მანამდე, სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაათავისუფლა, რის შემდეგაც მომიტინგეები სკოლისკენ გადავიდნენ.
“როცა ახლოს მივედი, [პოლიციას] ვთხოვე გამატარეთ, მედიის თანამშრომელი ვარ-მეთქი. გაიხსნა ეს [კორდონი] და ხელები მკრეს, გაა*ვი აქედანო. ისევ ვუთხარი, მედიის თანამშრომელი ვარ, ასე რატომ მელაპარაკებით-მეთქი. ხოდა გადი გაა*ვიო, შემაგინეს და მკრეს რამდენჯერმე ხელი ისევ. ნორმალურად გავდივარ, რატომ მაგინებთ-მეთქი? ერთ-ერთი ახლოს მოვიდა, არ გესმის? გადიო, კიდევ ერთხელ შემაგინა და გადამიხსნა დუბინკა. არ მეგონა, რომ დამარტყამდა და ჩამარტყა ფეხში. გავუმეორე, ასე არ შეიძლება, მედიის თანამშრომელი ვარ-მეთქი და *ლეზე მკიდია ეგო და ისევ შემაგინა”, – ჰყვება ის. მისივე თქმით, ამის შემდეგ მან ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მიაკითხა, სადაც დახმარება აღმოუჩინეს.
პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი” – დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
აქციის დაშლა პოლიციამ ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო – მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.”
დაკავებებს წინ უსწრებდა მოქალაქეების მხრიდან პროტესტის გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ჯოხებისა და მუშტების რტყმით. პარლამენტის ეზოში მობილიზებული პოლიციელები მათ, ვინც რკინის ჯებირებზე ნივთების დარტყმით გამოხატავდნენ პროტესტს, ფოტოებს უღებდნენ.
სპეცრაზმელები პარლამენტის ეზოდან მას შემდეგ გამოცვივდნენ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა შენობის წინ აღმართული ლითონის წინაღობის ფილა ამოჭრა.
საქართველოს პარლამენტმა “რუსულ კანონად” წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ