ორშაბათ დილას პოლიციამ ძალით გამოყენებით დააკავა პარლამენტთან ღამისთევის აქციის ცალკეული მონაწილეები.
რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მათგანს.
მოქალაქეს პოლიციელებმა პერანგი და მაისური შემოახიეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყეს.
პოლიციის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი დემონსტრანტის ცემა სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს. ეს მოქალაქესაც წრეში მოაქციეს და თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს.
დაძაბულობა ზაქარია ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს.
კვირა საღამოს, 12 მაისს, 22:00 საათიდან პარლამენტთან დაიწყო მშვიდობიანი აქცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და წყლის ჭავლის მანქანები.
05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია ძალას გამოიყენებდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია იდგა და „ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობდა“.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, 06:10 საათზე დაიწყო.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა.
პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან, აქციის წამყვანმა ბექა ყორშიამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია არ დაიშლება და მას კიდევ შეუერთდებიან მოქალაქეები.
დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.