აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი წერს, რომ კლინიკაში მასთან ერთად არის პოლიციის მიერ ნაცემი მასწავლებელი, რომელსაც ვერ პოულობდნენ

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი კლინიკიდან აქვეყნებს სახეზე დაზიანებების ამსახველ ფოტოს და წერს, რომ მასთან ერთადაა მასწავლებელი თორნიკე ბუდაღაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები 16 აპრილის ღამის შემდეგ ეძებდნენ.
მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები მანქანასთან ჩამჯდარ ახალგაზრდა კაცს – ამ კადრების გავრცელების შემდეგ ეძებდნენ თორნიკე მარუაშვილს ახლობლები.
ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას აქციის იმ მონაწილეების შესახებ, ვისაც პოლიციისგან მიყენებული დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქციაზე დაშავებულების შესახებ ცნობას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში ორი დღეა მასობრივი აქციები იმართება “აგენტების კანონის” წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოება “რუსულ კანონად” მიიჩნევს. 15 აპრილის აქციაზე პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, თუმცა სპეციალური საპოლიციო საშუალებები არ გამოუყენებია. 16 აპრილს აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, გამოიყენა სპეციალური საშუალებებიც.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაშავებულთა შესახებ მონაცემების დაზუსტებას.