პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნული. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. უცნობია, ისარგებლებს თუ არა ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.
სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბრალდებულის მხარდამჭერებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრება აქვთ დაანონსებული.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
