აქციაზე დაკავებული: პოლიციელი მაგინებდა, ჩამსვა მანქანაში, ისინი სექსუალურად მავიწროვებდნენ

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებული ნათია ძიძიგურის თქმით, მას პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სექსუალურად შეავიწროვეს.
ძიძიგურის ცნობით, ის დაკავებისას პოლიციის მანქანაში, გზაში მუხლებზე იდგა და მას სავარძელზე დაჯდომის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ მან ფორმულასთან, გადაცემა მე-17 სართულში ისაუბრა.
“ძალიან მოულოდნელად დამაკავეს. მე ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს, თმაში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერსი ექაჩებოდა.
ეს რომ დავინახე, უბრალოდ პოლიციელთან მივედი და ვუთხარი, ნუ აკავებთ-მეთქი. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც დაკავებამდე ჩემი მისამართით გამოირჩეოდა აგრესიით, როგორც კი დამინახა, ეგრევე გინებაზე გადმოვიდა და ისე ჩამსვა დაკავების მანქანაში.
მანქანაში პოლიციელები სექსუალურად მავიწროვებდნენ, ისინი ძალიან დამამცირებელი ჟესტით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ, მუხლებზე დამაყენეს, ძირს მანქანაზე, არადა უკან, სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა. მე მათ ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თან ვეუბნებოდი, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავადგილდები, მაგრამ მათგან მოდიოდა რეპლიკები – “ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ?”, “ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ”.
მთელი გზის განმავლობაში მუხლებზე ვიდექი და ისე გადავყავდი. [..]”, – განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა.
ნათია ძიძიგურის თქმით, განყოფილენაში მიყვანისას დამკავებელ პირებში პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი ჩაწერეს, როცა მისივე თქმით, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარმანეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დააკავა.
“მათი სახეების იდენტიფიცირება შემიძლია, ასევე შემიძლია იმ პოლიციელის იდენტიფიცირებაც, რომელმაც დამაკავა. აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ თვითონ განყოფილებაში ოქმი, ვინც შემიდგინა, დამკავებელ პირებში ჩაწერეს პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი და მე დამაკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მისი ფოტოც მაქვს. ჯერ ჩემი სასამართლოც არ ყოფილა და უკვე ცრუ მოწმე დამიყენეს”, – თქვა ძიძიგურმა.
**
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.

მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.