„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
იმავე საღამოს პროპაგანდისტულ მედიებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს გურამ ადამია, რომელსაც ორმაგი, საქართველოს და მოლდოვეთის მოქალაქეობა აქვს, საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა.
სოხუმიდან დევნილ გურამ ადამიას მოლდაველი დედა ჰყავს, ის 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და არც ახლა აპირებს საცხოვრებლად სხვაგან წასვლას.
კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გურამ ადამიამ რადიო თავისუფლებას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ყვება, როგორ გაუსწორდნენ მას დაკავებისას სპეცრაზმელები: „ეს არის წამების სისტემური დანაშაული“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებმა 15 აპრილიდან 15 მაისი ჩათვლით, 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
დაკავებულთა უმეტესობა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ამას ადასტურებდა საკუთარ განცხადებებში სახალხო დამცველიც.
აქიებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტების საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა, ამ დრომდე არცერთი პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილი არ არის.
ბოლო, 8 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინებაა შესული.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული).
მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის გადამეტების საკითხის შესწავლის, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სამართალდამცავების, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
მათ შორის, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან მიმდინარეობს გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, სამხრე ვიდეოკამერისა და ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერების ამოღება. ამ დროისთვის ჯამში მხოლოდ 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული, რომლის შესწავლაც გამოძიების ფარგლებში დეტალურად მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს გავრცელდა.
მათივე ცნობით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს აქციის მონაწილეებთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავების გამოკითხვა.
რაც შეეხება დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის გამართულ სასამართლო სხდომებს, მათ ნაწილს სასამართლომ უკვე დააკისრა ხულიგობისთვის 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმები, ხოლო პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის, 2000 ლარიანი ჯარიმები.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება.
ფორუმი