აქციაზე დაკავებულთა 11-პირიან საქმეზე პროკურორებმა და ადვოკატთა ნაწილმა დასკვნითი სიტყვები თქვეს

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის – ანდრო ჭიჭინაძის, ლუკა ჯაბუას, ირაკლი ქერაშვილის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, გურიამ მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკის, რუსლან სივაკოვისა და რეზო კიკნაძის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
დღეს, 20 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები თქვეს პროკურორებმა, ვაჟ თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა. ასევე, სამი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა, შესაბამისად – ირაკლი ჩომახაშვილმა, ბექა ხოხობაშვილმა და დიმიტრი ვარდიაშვილმა.
“ნეტგაზეთი” მოკლედ გთავაზობთ დასკვნითი სიტყვების ძირითად აქცენტებს:
პროკურორებმა წაიკითხეს ბრალის დადგენილება, რომლის მიხედვითაც 11-ვე დაკავებულს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობას, “რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელსუფლების წარმომადგენელზე წინააღმდეგობა, ან მათზე თავდასხმა”.
პროკურორებმა მიმოიხილეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების ჩვენებები და ვიდეოები. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიდმინარე საპროტესტო აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, რა დროსაც მოქალაქეები “სისტემურად და მიზანმიმართულად” ესროდნენ ნივთებს სამართალდამცველებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.
პროკურორმა ვაჟა თოდუამ დიდ დრო დაუთმო სამართალდამცველთა დაზინებების აღწერას. თუმცა, არ უხსენებია, რომ ამ პოლიციელებმა ვერ დაასახელეს მის წინ ბრალდებულის სკამზე მსხდომი 11 ადამიანიდან ვერცერთი. არც ის, რომ საქმეში არ დევს არცერთი ვიდეო, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ჩანს, რომ ეს პოლიციელები სწორედ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ.
პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დეტალურად აღწერა ვიდეოე-მტკიცებულებების შინაარსი და ის, თუ რომელ წუთსა და წამზე ჩანან ბრალდებულები და რას მოქმედებას ასრულებენ. მან ისაუბრა იმ ექსპერტიზებზე, რომლებიც საქმეში არსებულ ვიდეო-მტკიცებულებებს ჩაუტარეს. დეტალურად მიმოიხილა დასკვნები და განაცხადა რომ კონკრეტულ ვიდეოებში “მოქმედი პირები” კონკრეტული ბრალდებულები არიან.
“გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციაზე მიმდინარე ალადობრივი მოქმედებები ორგანიზებული იყო სხვადასხვა პირების მიერ” , – თქვა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და “ორგანიზატორებს” შორის დაასახელა ამ საქმიგან გამოყოფილი 8-პირიანი საქმეზე ბრალდებული სამი მოქალაქე – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ “ორგანიზატორთა” და “ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეთა” ნაწილი გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰყავს იდენტიფიცირებული და დაკავებული. თუმცა, უკვე დაკავებულებს ედავებიან როგორც ერთდროულად, ისე ჯერ კიდევ დაუდგენელ პირებტან “ერთობლივი მოქმედებით” ჩადენილ დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ალეკო ელისაშვილის ქმედება არის ერთი ადამიანის საქციელი და მცდელობა, მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ვერ იქნება წარმატებული – სამარცხვინოა, რომ „ოცნება“ ცდილობს ევროპელებს დაუკავშირონ ის, რაც აქ მოხდა

ალეკო ელისაშვილი – არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც სახალხო დამცველთან, 4 საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილებით ვიყავი, მაჯიდან სისხლი მდიოდა – დაზიანებებიც ჩამიცხრა და აღარ ჩანს, ასე არ არის, როგორც გამოვიყურები