ვიდეომასალა აცდენილია გამომძიებლების მიერ დაწერილ ოქმს, რაც მხილებაა იმისა, რომ პოლიციელები იტყუებიან. სწორედ ამის გამო არ უშვებენ მედიას პროცესზე, რომ ეს არ გაშუქდეს, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ინსაფ ალიევის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოები, რომელიც დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა, დაჭრილია და სხვადასხვა დღის კადრებს ასახავს. ასევე, ადვოკატის განმარტებით, ვიდეოებში ბრალდებულთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
„პროცესზე, ვნახეთ ის, რასაც მთელი პროცესების განმავლობაში ვიძახდით და ასევე დადასტურდა თუ როგორ იტყუებოდა მოწმე პოლიციელი ჩვენების მიცემის დროს. მოწმემ თქვა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკას ისროდა პოლიციის მიმართულებით, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ კადრებში, სადაც პირი პიროტექნიკას ისვრის, ისვრის ჰაერში და მეორე ვიდეოში პოლიციელები არ ჩანან. ვიდეოები დაჭრილია, კადრები მეორდება, ამიტომ ის არგუმენტი, რომ გადამღებმა ოპერატორმა დააპაუზა და შემდეგ გააგრძელა ვიდეოს გადაღება, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ვიდეო სხვადასხვა დღის კადრებითაა აწყობილი.
ასევე, ბრალდების მხარე რიგ შემთხვევებში იძახის, რომ ნაჩვენები ქმედება სწორედ ბრალდებულებმა ჩაიდინეს, თუმცა ექსპერტიზის პასუხი არ არსებობს, რომ ნამდვილად ისინი არიან.
ვიდეოკადრებში, ვერ ვნახე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედება ჯგუფურად იყო ჩადენილი, ან ვინმესთან კომუნიკაციაში იყვნენ. ვიდეომასალა, აცდენილია გამომძიებლების მიერ დაწერილ ოქმს, რაც მხილებაა იმისა, რომ პოლიციელები იტყუებიან. სწორედ ამის გამო არ უშვებენ მედიას პროცესზე, რომ ეს არ გაშუქდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
