აქციაზე დაკავებულების ადვოკატი – დაკავების დროს სპეცრაზმის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი – უმოწყალოდ სცემეს, ხელებშეკრულს ურტყამდნენ

ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებზე, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე ბრალდებული თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სწორედ, მაშინ განხორციელდა მათზე ძალადობა. ვარდიაშვილის თქმით, ერთ-ერთ მათგანს – დავით ლომიძეს მხედველობა უჭირს.
“დაკავების დროს სპეცრაზმის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი… უმოწყალოდ სცემეს, ხელებშეკრულს ურტყამდნენ”, – განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო ბრალმდებელი ანი ხუბეჯაშვილი კი აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
პროკურორი დანაშაულის ხასიათზე, სიმძიმეზე, დროსა და ვითარებაზე მიუთითებდა. ასევე საუბრობდა დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე.
ამასთან, პროკურორის თქმით, ნივთიერებებისა და ნივთების წარმომავლობა დასადგენია, რაც ბრალდების მხარის პრეროგატივაა. მისივე განმარტებით, ჩანაწერების მიხედვით ადგილზე სხვა პირთა ხმებიც ისმის, შესაბამისად, ხუბეჯაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება ერთი პირის მიერ დაგეგმილი ქმედება არ ყოფილა.
პროკურორი, ასევე, გამოეხმაურა დაკავებულების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათზე იძალადეს. ხუბეჯაშვილის თქმით, თუ ბრალდებულებს ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არ მიუმართავთ, სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარე თავად მიმართავს.
ამასთან, ადვოკატმა პროკურორს შუამდგომლობით მიმართ, საქმის გამომძიებელი საქმეს ჩამოაშოროს, ვინაიდან, ვარდიაშვილის თქმით, მან დაკავებულს უფლებები არ განუმარტა და ადვოკატის უფლება შეუზღუდა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.