„აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში საქართველოში ესპანური ავიაკომპანიები ვიხილოთ“ – ალექსანდრე ჭკუასელი

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში საქართველოში ესპანური ავიაკომპანიები ვიხილოთ“ – ალექსანდრე ჭკუასელი
აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში საქართველოში ესპანური ავიაკომპანიები ვიხილოთ. მაგალითად, Iberia ან დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია Vueling-ი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბიზნეს კავშირებსა და ხალხთა შორის ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელმა “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პირდაპირი ფრენები ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ესპანურ ავიაკომპანიებთან საქართველოში შემოსვლისა და დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების კუთხით. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და მსოფლიო მასშტაბით დარგის განვითარების შესაძლებლობებს.
ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან. აღსანიშნავია, რომ საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლებია მადრიდში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში – FITUR Madrid-ში იღებს მონაწილეობს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურას, გასტრონომიას და ღვინოს. ამავე გამოფენის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და მონაწილე კომპანიები შეხვედრებს მართავენ წამყვანი ესპანური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, იმართება B2B შეხვედრები, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს ხვდებიან და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს FITUR Madrid-ის გამოფენაში. ასეთი ღონისძიება, ცხადია, ხელს უწყობს მეტი კონტაქტების დამყარებას და ტურისტების მოზიდვას. მაგალითად, წელს გამოფენაში 152 ქვეყანა და 10 000-მდე კომპანია მონაწილეობდა, ჯამში 153 ათასზე მეტი ვიზიტორით.
გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ესპანელი ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვიზიტებს საქართველოში. დღესაც კი, საქართველოში იმყოფებიან ბლოგერები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით”, – აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.
ვრცლად ბიზნესპარტნიორზე