აქტივისტ უჩა ქემაშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ უჩა ქემაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ქემაშვილი პოლიციამ 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციიდან დის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ვარკეთილში, კორპუსთან დააკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. მუხლი ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
„ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია ზემოთ, რუს ოლიგარქთან. სასამართლო გვაქვს ქვეყანაში?!. ბრძოლა გრძელდება, არცერთი ნაბიჯი უკან…“ – თქვა მან პატიმრობის შეფარდებამდე.
დაკავებამდე, აქციაზე ყოფნის დროს, უჩა ქემაშვილმა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დროშა დაწვა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო დააკავა პოლიციამ.
„ქართული ოცნების“ დროშა არა, მე ვუწოდებ ძონძს, დავწვი… ამის შემდეგ ამედევნნენ და ვერის პოლიციამ დამაკავა ვარკეთილში“, – უთხრა ქემაშვილმა მაშინ „TV პირველს“.
ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია ნინი ქემაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, კორპუსიდან დაინახა, როგორ მიუახლოვდა მის ძმას 25-მდე ადამიანი – „რომ ჩავედი, პასუხიც არ გამცეს, რის გამო აკავებდნენ“.
პროტესტის ნიშნად, მანაც 27 მაისს პარლამენტის შენობის წინ ცეცხლი წაუკიდა „ქართული ოცნების“ დროშას.
უჩა ქემაშვილი საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილეა. ის 2024 წლის 15 აპრილსაც დააკავეს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ის ცნობილია „უჩას სკვერით“ – გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მის მიერ გაკეთებული სივრცით, რომელიც 2014 წელს შექმნა და სადაც უფასო wi-fi-ს სთავაზობდა თანასოფლელებს. ბოლო პერიოდში მას ხშირად დაჰქონდა პროტესტის მონაწილეებისათვის ალუჩა.