35 წლის უჩა ქემაშვილი, აქტივისტი გურჯაანიდან, რომელმაც საზოგადოებას თავი პროევროპულ აქციებზე თავისივე მოყვანილი ხილის დარიგებით დაამახსოვრა, უკვე თავისუფალია. მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 28 მაისს უნდა განეხილა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
„მთელი დღე ვრეკავდით შსს-ში იმის გასარკვევად, რომ გაგვეგო, როდის გადაიყვანდნენ სასამართლოში. არ შეგვატყობინეს. 17:40 საათზე გავიგეთ, რომ სასამართლოში მიიყვანეს. სხდომა შსს-ს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო“, – უთხრა უჩა ქემაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას.
ქემაშვილი პოლიციამ 26 მაისის საპროტესტო აქციიდან დის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ვარკეთილში, კორპუსთან დააკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.
დაკავებამდე, აქციაზე ყოფნის დროს უჩა ქემაშვილმა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დროშა დაწვა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო დააკავა პოლიციამ იგი.
„ქართული ოცნების“ დროშა არა, მე ვუწოდებ ძონძს, დავწვი… ამის შემდეგ ამედევნნენ და ვერის პოლიციამ დამაკავა ვარკეთილში“, – უთხრა ქემაშვილმა „TV პირველს“.
ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია ნინი ქემაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, მან კორპუსიდან დაინახა, როგორ მიუახლოვდა მის ძმას 25-მდე ადამიანი – „რომ ჩავედი პასუხიც არ გამცეს რის გამო აკავებდნენ“.
მან, პროტესტის ნიშნად, გუშინ 27 მაისს პარლამენტის შენობის წინ ცეცხლი წაუკიდა „ქართული ოცნების“ დროშას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩა ქემაშვილის სასამართლო პროცესი 6 ივნისამდე გადაიდო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც ის დააკავეს, ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
უჩა ქემაშვილი საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილეა. ის 2024 წლის 15 აპრილსაც დააკავეს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ის ცნობილია „უჩას სკვერით“ – გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მის მიერ გაკეთებული სივრცით, რომელიც 2014 წელს შექმნა და სადაც უფასო wi-fi-ს სთავაზობდა თანასოფლელებს. ბოლო პერიოდში მას ხშირად დაჰქონდა პროტესტის მონაწილეებისათვის ალუჩა.
ფორუმი
