აქტივისტი ტიტე გედენიძე: ჩემ ძმას ორი ნიღბიანი დაესხა თავს

აქტივისტი ტიტე გედენიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას მის ძმაზე თავდასხმისა და მისი ოჯახის მიმართ თვალთვალის შესახებ. გედენიძის თქმით, 12 მაისის ღამით, მის ძმას ორი ნიღბიანი დახვდა სახლთან და სადარბაზოში შესვლისას დაესხნენ თავს.
“ბოლო დღეებია გვითვალთვალებენ მთელ ოჯახს, მაგიტომაც ერთად დავდივართ, მაგრამ ახლა მარტო რომ მოიხელთეს, მხოლოდ მაშინ გაბედეს თავდასხმა” – წერს აქტივისტი.
როგორც ტიტე გედენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, თავდასხმის შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს და მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინებაც გააკეთეს.
“მოსული იყო [პოლიციის] ჯგუფი, ოქმი შეადგინეს. თავდამსხმელები ვერ იცნო, ნიღბებით იყვნენ და ჰუდები ეცვათ. თავდამსხმელთა სავარაუდო მანქანა შეამჩნია, რომელიც იქვე ახლოს იდგა – ეს იყო თეთრი ფერის ტოიოტა ვიტზი. თავდასხმისას არაფერი უთქვამთ, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი და ვერაფერი მოასწრეს” – ეუბნება აქტივისტი რადიო თავისუფლებას.
თითქმის ერთი კვირაა, ხელისუფლების ოპონენტებს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს, აქტივისტებს და საჯარო მოხელეებსაც კი არაიდენტიფიცირებული პირები დაშინების ან/და შეურაცხყოფის მიზნით ურეკავენ ტელეფონებზე, საცხოვრებელ სახლებთან უკრავენ მადისკრედიტებელ პლაკატებს და უტოვებენ წარწერებს, ასევე ფიზიკურად უსწორდებიან ცალკეულ ადამიანებს.
იმის მიუხედვად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეტყობინებებზე გამოძიებას იწყებს, არც ერთი მოძალადე ნაპოვნი და იდენტიფიცირებული არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ