ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმდინარე პროცესების ფარგლებში ითანამშრომლებს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკო მანაგაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მანაგაძე განმარტავს, საბჭოს მიზანი იქნება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან მუდმივად იყოს კოორდინაცია.
ამასთან, მანაგაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იყო დისკუსია თუ რა გზავნილები უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე.
“ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელიც არის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული. ვიცით, რომ რამდენიმე დღეში გაიმართება მიუნხენის კონფერენცია, სადაც ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი არის პრეზიდენტი. დისკუსია გვქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება იყოს მთავარი გზავნილები ქართული ხალხის მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერის და კონკრეტული ნაბიჯების იმედი. გარდა იმისა, რომ მათი მხრიდან ვნახეთ კონკრეტული ნაბიჯები, კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან.
საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია ამ ტიპის კოორდინაცია – საზოგადოებასა და პრეზიდენტს შორის, რომელიც არის დასავლელ პარტნიორებთან ქართული საზოგადოების ხმის მთავარი გამტარი.
ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ითანამშრომლებს მიმდინარე პროცესების ფარგლებში. საბჭოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმოდეს და პრეზიდენტი იყოს ამ ინფორმაციის გამტარი, როგორც საპროტესტო აქციების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასვე სხვა კონკრეტულ „ქეისებთან“ დაკავშირებით მუდმივად იყოს პრეზიდენტთან კოორდინაცია, მას მიეწოდებოდეს ინფორმაცია და სალომე ზურაბიშვილი იყოს ინფორმაციის გამტარი ჩვენსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, რომელიც ეფექტური რეაგირების რეჟიმში უნდა იყოს”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.
