აქტივისტი, მარტოხელა დედა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „გზის გადაკეტვისთვის“ 30 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტი ნინო კალანდია, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, „გზის გადაკეტვისთვის“ ერთ სხდომაზე ექვსჯერ, ჯამში 30 000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრების გაერთიანების პრინციპი და ჯარიმები დააჯამა.
საქმე 4 ივლისს განიხილებოდა, გადაწყვეტილება კი დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა. დეტალების შესახებ თავად აქტივისტი ჰყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურები კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„სასამართლოზე ვთქვი, რომ ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტოხელა დედა ვარ [დაუნის სინდრომის მქონე შვილის]. მაგრამ ეს არ იყო მათთვის ყურადსაღები, ეს გამოჩნდა გადაწყვეტილებაში“, – უთხრა ნინო კალანდიამ რადიო თავისუფლებას.
მას „გზის გადაკეტვისთვის“ კიდევ ერთი ჯარიმა აქვს დაკისრებული, რის გამოც ჯამში გადასახდელი აქვს 35 000 ლარი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით გამოუწერა სხვა საჯარიმო ქვითრებიც, რომლებიც გასაჩივრებული აქვს და სასამართლო განხილვები არ დაწყებულა.
„არ ვაპირებ გადახდას რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ის, რომ არ მიმაჩნია თავი დამნაშავე, რუსთაველზე გავდივარ ჩემი შვილისთვის უკეთესი ქვეყნისა და მომავლის მოსაპოვებლად… შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მით უფრო, ადამიანმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს“, – ამბობს ნინო კალანდია.
„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიიღო კანონი, რომლითაც შემდეგი კანონდარღვევის შემთხვევაში დააპატიმრებენ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც „გზის გადაკეტვისთვის“ დაწესებულ ჯარიმას არ გადაიხდიან. ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, პროევროული აქციების პარალელურად, დემონსტრანტების შესაზღუდად მიიღო.

ცნობისათვის, ნინო კალანდია შშმ ბავშვის მარტოხელა დედაა. 

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – იყო მეგობრული გარემო – თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა სუფრას და სიძეც, ყველა პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია – რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებულია წერილი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსიდან”, გამომძიებელმა ამოიღო