აქტივისტი: ეზოში შემომივარდა ვიღაც… გინება დაიწყო

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის” წევრი, აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უცნობმა პირმა საკუთარ ეზოში გინება დაუწყო. აქტივისტი, ასევე აცხადებს, რომ მის ძმას რამდენიმე საათია, ვერ უკავშირდებიან.
“ეზოში შემომივარდა ვიღაცა გასიებული ნაბი*ვარი პირბადით, ლუკა ხარო? კი მეთქი და გინება დაიწყო. ჩემი ძმა 3 საათზე მეტია გაუჩინარებულია”, – წერს ლუკა ნაცვლიშვილი ფეისბუკზე.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა”.
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და “ახლის” წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.
წინა დღით, 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ “აგენტების კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს.
ფიზიკური ძალადობის გარდა, ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები.
გარდა ამისა, დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.
ფორუმი