პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რომან აკოფოვი ამბობს, რომ თავს დაესხნენ. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ, აკოფოვის სახლთან მოხდა. თავდასხმის დროს აკოფოვს თან ახლდა 10 წლის შვილი.
“სახლიდან გამოვედი, საქმეზე მივდიოდი. ქუჩაში იდგა ახალგაზრდა ბიჭი, 30 წლის, ალბათ. პირველად დავუნახე ეს ადამიანი, ნამდვილად არ ვიცი ვინაა. აქციაზე მდგომ ხალხს აგინებდა – არ ვიცი რამდენად ღირს ამ სიტყვების გამეორება. არ ვიცი პროვოკატორი იყო თუ ვინ იყო, არ მინდა სპეკულაციები. მე ვერ მოვითმინე და შენიშვნა მივეცი, რომ ქუჩაში ბოლო ხმაზე ნუ იგინები-მეთქი. ზრდილობისკენ მოვუწოდე, არავითარი პოლიტიკური განცხადება არ იყო – აქციის ხალხს რატომ აგინებ-მეთქი არ მითქვამს, ქუჩაში ბოლო ხმაზე ნუ იგინებდი-მეთქი.
დაიწყო ჩემთან კონფლიქტი. შენ ვინა ხარო, მე ჩემთვის ვლაპარაკობო, შენ ვინ გეკითხებაო. რომ დავინახე, რომ სიტუაცია იძაბება, ბავშვს ვუთხარი – 10 წლისაა – შენ კორპუსთან, კუთხეში დამელოდე-მეთქი . სახლიდან 30 მეტრში ვიყავით. ბავშვიც წავიდა და იქ მელოდებოდა.
კაცები მოვიდნენ და როგორც ხდება – არ გვინდაო ჩხუბიო, ისაო, ესაო, შენ აქეთ წადი, შენ იქეთო. მე მეგონა კონფლიქტი ამოიწურა. მოვბრუნდი და წავედი ბავშვისკენ. უცებ, უკნიდან მესმის ფეხის ხმა. მოვტრიალდი და ხუთნი იყვნენ. იქამდე, ეს ბიჭი მარტო იყო. ხუთივე ფიზიკურად გამისწორდა, ჩემი შვილის თვალწინ.
სახელით მომართვა ან რამე ისეთი, რომ ვთქვა, რომ კონკრეტულად ჩემთან იყვნენ, ეგეთი მართლა არაფერი არ ყოფილა. არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ამის მტკიცებულება ნამდვილად არ მაქვს. მაგრამ აქციის ხალხს აგინებდა – ამით დაიწყო ყველაფერი”, – ამბობს აკოფოვი ნეტგაზეთთან საუბრისას.
ის ამბობს, რომ სასწრაფო არ გამოუძახებია, რადგან ამის საჭიროება არ აქვს. კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიციას მიმართოს, ასე პასუხობს – “რა ვიცი, მე არ დამიჭირონ”.
ეს არ არის პროტესტში ჩართულ მოქალაქეზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ჯერ კიდევ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან დღემდე პერიოდში არაერთ მოქალაქეს და დემონსტრანტს დაესხნენ თავს. თუმცა, ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია.




