ბრიუსელის პოლიტიკა ბაქოსთან მიმართებით დემოკრატიულ ღირებულებებზე კი არა, პრაქტიკულ ინტერესებზეა დაფუძნებული, აცხადებენ კამპანიის „დაასრულეთ რეპრესიები აზერბაიჯანში“ მონაწილეები [კამპანია 2024 წელს შეიქმნა COP-29-ის წინ]. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, ენერგეტიკული თანამშრომლობა ადამიანის უფლებებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დააკავშიროს.
კამპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაგალითად, 2025 წლის აპრილში ბაქოში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს ადამიანის უფლებების საკითხი პრაქტიკულად არ უხსენებია იმ დროს, რომ აზერბაიჯანში გრძელდება ავტორიტარული რეჟიმიო, იზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი (400-ზე მეტი), დამოუკიდებელი მედია და ენჯეო-ები ფაქტობრივად განადგურდა. ამ ფონზე კი, ევროკავშირის სიჩუმე „მწვანე შუქად“ აღიქმება რეპრესიების გაღრმავებისთვის.
განცხადების ავტორთა თქმით, ევროკავშირს აქვს ძლიერი ზემოქმედების ბერკეტები – არის აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო ბაზარი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, თუმცა ამ ბერკეტებს არ იყენებს.
უკანასკნელი მონაცემებით პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ აზერბაიჯანში 392-ს მიაღწია – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2000-იანი წლების დასაწყისიდან.




