აქტივისტების ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების [სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი] საქმეზე მიმდინარეობს.
უწყებაში, ასევე ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, საქმეზე არავინაა დაკავებული.
აქტივისტი დავით ფუთურიძე ჰყვება, რომ პოლიციამ მას საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისივე სიტყვებით, ამოღებულია ტანსაცმელი და ფოიერვერკები.
“მეკითხებოდნენ 28 იანვარს სად იყავიო, რატომ იყავი ამ და ამ პიროვნებებთანო, მათ შორის ნიკოლოზ ლაცაბიძესთან ერთად და მესამეს ვერ დაგისახელებთ მისი თანხმობის გარეშე. პრობლემა ის არის, რომ იმ მესამე პიროვნების გვარი არ ვიცოდი, სახელით ვიცნობდი და თვითონ მითხრეს, ვისთან ერთად ვიყავი მე. შემდეგ მაჩვენეს კადრები, სადაც მეტროს ფასადებზე ვწერთ წარწერებს. შემდეგ მითხრეს, უნდა შეგვესრულებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამის ფარგლებში წაგვიყვანეს, სადაც დავწერეთ, ვუთხარით ყველაფერი. შემდეგ წამოვედით ჩემთან სახლში და ამის შემდეგ გავიგე, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს გვეცვა, ასევე ამოიღეს ფოიერვერკები, რომელიც სახლში გვედო… წაიღეს ორი შარვალი, ერთი რომელიც მე მეცვა, მეორე ნიკოლოზსს, ხელთათმანი, ქურთუკი, მოსაცმელი და “ბალაკლავა”, – თქვა დავით ფუთურიძემ “ტვ პირველთან” საუბარში.
კიდევ ერთი აქტივისტი, ირაკლი ლაცაბიძე აცხადებს, რომ მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს ედავებიან, თუმცა როგორც ამბობს, “არაფერი გაუკეთებია”.
“არაფერი არ გამიკეთებია და არ ვიცი, რატომ მედავებიან. ერთი შემიძლია ვთქვა ფოიერვერკზე, რომ გამოყენებული ნამდვილად არ იქნება არალეგალურად. 28 იანვარს კი მე ვიყავი დათო ფუთურიძესთან მისული და დავრჩი. ალბათ, მაგიტომ გევდავებიან ორივეს. რეალურად, ვიდეოთამაშები ვითამაშეთ. ეცადნენ, გამოეტყუათ, რომ დანაშაული ჩავიდინე. მამაჩემია მხატვარი და საღებავები გვაქვს, რა თქმა უნდა, ნახეს. ჩემი პირადი ნივთები, რომელიც ჩანთაში მქონდა, ერთი ეს არის ტელეფონი, ხელთათმანი, ორი ცალი რესპირატორი, წყლის სათვალე, საყვირი. ამათი ტარების უფლება ყველას გვაქვს, კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ არის”, – ამბობს ლაცაბიძე “ტვ პირველთან” საუბარში.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
· მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
· ვეფხია კასრაძე
· ვალერი კაძელაშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი
· თორნიკე გოშაძე
· ირაკლი მიმინოშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
· გიორგი გორგაძე
· ინსაფ ალიევი
· ანდრო ჭიჭინაძე
· ონისე ცხადაძე
· გურამ მირცხულავა
· ლუკა ჯაბუა
· ჯანო არჩაია
· რუსლან სივაკოვი
· რევაზ კიკნაძე
· გიორგი ტერაშვილი
· ვალერი თეთრაშვილი
· სერგეი კუხარჩუკი
· ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
· ანზორ (ანრი) კვარაცხელია
· გიორგი მინდაძე
· დავით ლომიძე
· თემურ ზასოხაშვილი
· საბა ჯიქია
· საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
· გურამ ხუტაშვილი
· დანიელ მუმლაძე
· არჩილ მუსელიანცი
· ლაშა ჩხაიძე
· მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
· დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
· გიორგი ახობაძე
· ნიკოლოზ კაცია
· ანტონ ჩეჩინი
· თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
· მამუკა ჯორბენაძე
· გურამ მიქელაძე
· დავით გვიანიძე
· გიორგი დავითაძე
· ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
· ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
· მათე დევიძე
· ანატოლი გიგაური
ფორუმი