„აქთაუს პორტში ტერმინალის მშენებლობას 2026 წლის ბოლოსკენ დავიწყებთ“ – Wondernet Express Investment Group (bm.ge)

„ვფიქრობთ, აქთაუს პორტში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას 2026 წლის ბოლოდან დავიწყებთ“ – ამის შესახებ Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსთან“ განაცხადა.
მამუკა მურჯიკნელი განმარტავს, რომ ტერმინალის მშენებლობა ყაზახეთში, სასუქების ახალი ქარხნის პროექტთან არის დაკავშირებული.
„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ჩვენს ყაზახ პარტნიორებთან მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომ ავაშენოთ მულტიმოდალური ტერმინალი აქთაუს პორტში. ამაზე დღესაც მიდის მუშაობა. არ არის საუბარი 1-2 მილიონზე, საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა. ველოდებით, როდის იქნება ქარხანა მზად, რომ დაიწყოს პროდუქციის მიწოდება. ვფიქრობ, რომ უშუალოდ მშენებლობის დაწყება 2026 წლისკენ იქნება შესაძლებელი, თუმცა, მანამდე ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი“, – ამბობს მამუკა მურჯიკნელი.
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის ამბობს, რომ გარდა სატერმინალო სიმძლავრეების გაფართოებისა, მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს რკინიგზასთან“ სავაგონო პარკის საკითხთან დაკავშირებით, რაც ტვირთების შეუფერხებლად გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვანია.
„ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, „საქართველოს რკინიგზასთან“. განხილვის თემაა სავაგონო პარკი – ჩვენ ჩავერთოთ სავაგონო პარკის გაზრდაში, თუ დაველოდოთ „საქართველოს რკინიგზას“, რომელიც ასევე აპირებს ამ კუთხით ინვესტიციების განხორციელებას. ყოველდღიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ანაკლიის მიმართულებით, ინფრასტრუქტურაში სად და როგორ მოხდეს ჩვენი თანხვედრა, რომ ერთიანი ძალებით განვავითაროთ „შუა დერეფანი“, ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალებით უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია“, – აღნიშნავს მურჯიკნელი.
Wondernet Express Investment Group-ი ახალი ტერმინალის მშენებლობას აქთაუს საზღვაო ნავსადგურთან და KazAzot-თან ერთად გეგმავს. მიზანია ტვირთი დაგროვდეს ყაზახეთის პორტში და შემდეგ მისი გადაზიდვა მოხდეს.
bm.ge