აფხაზურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეები დააკავა

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა “საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში [დე ფაქტო] უკანონო მიგრაციის არხი ოფიციალურად დაწესებული საგუშაგოების გვერდის ავლით შეაჩერეს”.
2024 წლის 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში დააკავეს ს ტერიტორიაზე [დე ფაქტო] მცხოვრები ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც იქ ბინადრობის უფლება აქვთ – 1964 წელს დაბადებული რემიკო ჭითანავა და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავა.
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ისინი ხელს უწყობდნენ სხვებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვართან ახლოს მდებარე საცხოვრებლის გამოყენებით.
უწყების [დე ფაქტო] ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებლის შემოწმებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა RGD 5, ტროტილი 1600 გრამისა და 45 გრამის ოდენობის პლასტიდი, აგრეთვე ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა ვაზნები და დოლარის კუპიურები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [დე ფაქტო] განცხადებითვე, მათ თანამშრომლებმა ასევე დააკავეს ს ორი მოქალაქე, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია საზღვრის გადაკვეთაში რუსეთის მოქალაქეებს დიმიტრი დენისოვსა და ალექსანდრე ლუზენინს დაეხმარა – “ მანამდე კი რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ.”
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ასევე აღნიშნავს საქართველოსა და თურქეთის კრიმინალური სტრუქტურების წევრების მიერ ტერიტორიაზე შეღწევის მიზნით სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის მცდელობების რაოდენობის ზრდას – “სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერატიულმა სამსახურებმა, აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან და აფხაზეთის რესპუბლიკის [დე ფაქტო] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატთან თანამშრომლობით, დააკავეს 13 პირი, რომელთა მიმართაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არიან იორდანიის, თურქეთის, ალჟირისა და პალესტინის მოქალაქეები”.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად.

ასევე დაგაინტერესებთ