“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კოლექტიურად მიმართა და მოითხოვა, პარლამენტიდან უკან გაიტანონ კანონპროექტი”უცხოური აგენტების შესახებ”.
გარდა ამისა, ოპოზიციონერები ითხოვენ, გაუქმდეს სხვა ინიციატივებიც, რომლებიც, მათი აზრით, ზიანს აყენებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას.
სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის 30-მდე წევრმა 10 აპრილს სასტუმრო “ინტერ-სოხუმში” შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მიიღეს დადგენილება, რომლითაც მიმართეს აფხაზეთის ხელისუფლებას 10 დღის ვადაში რიგი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
პარტია “ეროვნული ერთიანობის ფორუმის” თავმჯდომარის, ასლან ბარციცის თქმით, ოპოზიციამ მოითხოვა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის გაუქმება, ბინების და აპარტოტელების სამართლებრივი რეგულირება და აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრება.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, უარი თქვას ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლების ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
“თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, შეხვედრის მონაწილეები, ვაცხადებთ, რომ მივმართავთ აფხაზეთის მოსახლეობას მოწოდებით, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ შეკრებაში უახლოეს მომავალში”, – ნათქვამია დადგენილებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე.
22 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთთან ალიანსი აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.
“ამ რთულ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია თუ არა, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, არამეგობრული ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე?” – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.
9 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა და სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუთ ხუტაბამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა.
“ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია. სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ძლიერ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ზოგიერთ დასავლურ ორგანიზაციასთან, არამედ, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებაზე და ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე” ,- ამბობს დაუთ ხუტაბა.
8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.
კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმეო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარონ უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში.