აფხაზი ოპოზიციონერები რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებენ

აფხაზი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ სა [დე ფაქტო] და ს ურთიერთობების კრიზისის გამომწვევი მიზეზს ე.წ. ხელისუფლების უყურადღებო დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულებებისა და მიმდინარე პრობლემების მიმართ წარმოადგენს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა და ოპოზიციონერმა ერიკ აშუტინმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ მოქმედებს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საზიანოდ.
“აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ლიდერმა და ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] ხელისუფლების თეზისი, რომ ოპოზიცია და აქტივისტები ბლოკავენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივებს, არ შეესაბამება რეალობას.
“სად შევუშალეთ ხელი? სწორედ ეს არის ასლან ბჟანიას საქციელი, სადაც ის ყოველთვის იტყუება, იძლევა დაპირებებს და არ ასრულებს,” – აცხადებს აფხაზი ოპოზიციონერი.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა [დე ფაქტო] და რუსეთის ურთიერთობა სტრატეგიული ხასიათის მატარებელია.
4 სექტემბერს სოხუმში ადგილობრივი მოსახლეობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მისი ორგანიზატორების თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა შტაბმა რაიონებში შეხვედრები დაიწყო.
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.
“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა,” – განმარტა შამბამ.
შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი [დე ფაქტო] ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.
“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა, სრულიად გამართლებული სანქციაა.
“სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ასევე კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლზე განაცხადა, რომ ბჟანია კოზაკს 19 აგვისტოს შეხვდა, ხოლო დოკუმენტი 26 აგვისტოს შეადგინეს.
“ამ დოკუმენტის წერის პროცესს პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ამიტომ ვერ დაადასტურა მისი ნამდვილობა. ერთადერთი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ განაცხადა, რომ არ აიღო არანაირი ვალდებულება მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ,”- აცხადებს შამბა.
შამბამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისინი ცდილობენ გარკვეული “არხებით ამ დოკუმენტის მიღებას”, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი ჩამოსულა, რის გამოც მას, როგორც ნამდვილ დოკუმენტს, ვერ განსაზღვრავენ.

ასევე დაგაინტერესებთ