აფხაზეთში ადამიანის უფლებების დამცველს ანონიმურობის დაცვის დათქმით აფხაზეთის რამდენიმე მოქალაქემ რუსეთთან გამშვებ პუნქტზე დაკავებისა და დაკითხვის საკითხზე მიმართა. ამის შესახებ წერს აფხაზური მედია.
მედიის ცნობითვე, ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებისთვის, თავის მხრივ, უშიშროების [დე ფაქტო] სამსახურს მიმართა
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ ტელეგრამ არხებზე მოქალაქეები წერენ, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს გადაცემული აქვთ აფხაზთა გარკვეული სიები, რომლის მიხედვით მათ აყოვნებენ გამშვებ პუნქტზე და დაკითხვას უწყობენ.
რამდენიმე დღის წინ, აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს აფხაზების სიებს “უცხოელი აგენტების” შესახებ.
“უცხოელ აგენტებზე სიებს აწვდიან რუსებს აფხაზეთიდან და სპეცსამსხურები აჩერებენ მათ.
ადამიანების დიდ რაოდენობას აჩერებენ და აკავებენ საზღვარზე 20 წუთიდან 2 საათის განმავლობაში. ამას წინათ ჩვილთან ერთად ახალგაზრდა გოგონა დააკავეს ერთი საათით, რომელიც ასევე აღმოჩნდა სიებში. ასევე საზღვარზე დააკავეს აფხაზი ფოტოგრაფი, ჟურნლისტი და მწერალი იბრაგი ჭკადუა მოსკოვში გამგზავრებისას და შემდეგ ჩამოსვლისას. დაკავებულებს ზოგჯერ უსვამენ კითხვას, მაგალითად, რატომ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა?”- ამბობს ინალ ხაშიგი.
ამავე გადაცემაში ის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას [დე ფაქტო] მიმართავს, პირადად დაკავდეს მსგავსი საკითხებით.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.