აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ასტამურ კაკალია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია “საერთო აფხაზურ” პოლიტიკაზე ფიქრი და ერთიანობა რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში.
“სასწორზე სამშობლოს ბედია. დრო არ არის სიამაყისა და მოწინააღმდეგეების “დამარცხების” სურვილისთვისა და მტკიცებისთვის, რომ ისინი არიან დამნაშავეები და “ჩვენ მართლები ვართ”. საუბარი არ არის ყოველთვიურ 140 მილიონ დაკარგულ შემოსავალზე. ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება ნელ-ნელა ჩვენს მთავარ მოკავშირესთანაც დაგვაპირისპირებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ხელოვნურად ცეცხლზე ნავთს ასხამს ყველა, ვინც დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გაუარესებით. შემოდგომაზე ჩვენ არა მხოლოდ ასობით მილიონს დავკარგავთ, არამედ, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ელექტროენერგიაც აღარ გვექნება. ელექტროენერგიის გათიშვისა და მოქალაქეების ცხოვრების დონის შემდგომი დაცემის ფონზე, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ამ გახურებული ემოციური ატმოსფეროს გათვალისწინებით, ჩვენ გადავალთ მზარდი ანარქიის ეტაპზე, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს,” – ამბობს აფხაზი საზოგადო მოღვაწე.
ასტამურ კაკალია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ხალხმა ერთმანეთის აზრი სწორად გაიგოს და კონფლიქტის ნაცვლად, ერთიანობა შენარჩუნდეს. მისი თქმით, ახლა სწორედ ისეთი სიტუაციაა, როგორიც “1993 წელს იყო – ან ყველამ ერთად უნდა მოიგოს ან ყველამ ერთად წააგოს”.
“ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვრისკავთ დარჩენას სრულ იზოლაციასა და მხარდაჭერის გარეშე, აგრეთვე, შიდა დესტაბილიზაციისა და საზოგადოების სრული ნდობის დაკარგვის ფონზე, რომლის შემთხვევაშიც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ერთმანეთის მიმართ. დროის გაწელვა და ლოდინი, ყველაფერი თავისით როგორ დალაგდება, გამოსავალი არ არის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არაფერი გადაწყდება. ჩვენ გვჭირდება ერთიანი პოლიტიკა გარე ვექტორში. ურთიერთობების გარკვევამ შესაძლოა მოიცადოს და უკეთეს დრომდე გადაიწიოს,”- წერს ასტამურ კაკალია.
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.
“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა,” – განმარტა შამბამ.
შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი [დე ფაქტო] ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.
“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა, სრულიად გამართლებული სანქციაა.
“სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ასევე კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლზე განაცხადა, რომ ბჟანია კოზაკს 19 აგვისტოს შეხვდა, ხოლო დოკუმენტი 26 აგვისტოს შეადგინეს.
“ამ დოკუმენტის წერის პროცესს პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ამიტომ ვერ დაადასტურა მისი ნამდვილობა. ერთადერთი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ განაცხადა, რომ არ აიღო არანაირი ვალდებულება მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ,”- აცხადებს შამბა.
შამბამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისინი ცდილობენ გარკვეული “არხებით ამ დოკუმენტის მიღებას”, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი ჩამოსულა, რის გამოც მას, როგორც ნამდვილ დოკუმენტს, ვერ განსაზღვრავენ.