აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით შეჩერდა რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემა. რუსეთის საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია აფხაზ პოლიტიკურ წრეებში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომლებმაც აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს.
რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, დოკუმენტების გაცემა აფხაზეთში მცხოვრები იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობას ფლობენ, მომავალში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელდება.
აფხაზეთში რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინის განცხადებით, პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე და აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] ხელისუფლებასთან შეთანხმებით იყო გახსნილი. პროცედურა უფასოდ, „ერთიანი ფანჯრის“ პრინციპით და რუსი სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარეობდა.
4 თებერვალს აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციული სამსახურის თანამშრომლების აფხაზეთში ყოფნა “სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად” შეაფასა.
ამის შემდეგ რუსეთის შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლების გაწვევისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დოკუმენტების გაცემის შეწყვეტის შესახებ.
საელჩოს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეობა დაახლოებით 190 ათას აფხაზეთის მცხოვრებს აქვს, თუმცა მათ დიდ ნაწილს შიდა პასპორტი არ გააჩნია. ახალი წესით, პასპორტის მიღება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი და მოქალაქეებს 4-6 ათასი რუბლის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოუწევთ.




