აფხაზეთის მოქალაქეებზე რუსეთის სანქციების შემდეგ აფხაზი საზოგადო მოღვაწეები პრეზიდენტსა და პარლამენტს საჯარო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და დიასპორის წარმომადგენლებზე დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ, აფხაზეთის 34 ცნობილმა მოქალაქემ სხვადასხვა სფეროდან ღია წერილით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას და პარლამენტს. ისინი აფხაზური ხელისუფლების დუმილს აკრიტიკებენ და მოითხოვენ, რომ მკაფიო რეაგირება მოახდინოს მოსკოვის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯზე, რომელიც, მათი შეფასებით, „დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს იდეას დისკრედიტაციას უწევს“.
წერილის ავტორების შეფასებით, აფხაზეთის ამჟამინდელი და წარსული ხელმძღვანელობის ქმედებებმა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფასეულობების დისკრედიტაცია გამოიწვია. მათ შორის, შეჩერდა რეპატრიანტების დაბრუნების პროგრამა, დაკნინდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანების ავტორიტეტი, ხოლო ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია — როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები — მიზანმიმართულად იქნენ მარგინალიზებული.
„ამით დისკრედიტირდა დამოუკიდებელი აფხაზეთის სახელმწიფოს იდეაც“, — ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების საფუძველი გახდა ყოფილი [დე ფაქტო – რედ.] პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და მისი გუნდის „ცილისმწამებლური მტკიცებები“, თითქოს აფხაზურ საზოგადოებაში არსებობენ დასავლური სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ.
ხელმომწერები [დე ფაქტო – რედ] პრეზიდენტ ბადრა გუნბას მოუწოდებენ:
· საჯაროდ დისტანცირდეს წინა ხელისუფლების ქმედებებისგან და მისცეს მათ პრინციპული შეფასება;
· ერთმნიშვნელოვნად გააკეთოს პოზიციონირება სანქციებთან დაკავშირებით;
· დაიცვას აფხაზეთის მოქალაქეების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.
ასევე, პარლამენტს სთხოვენ:
· ჩამოაყალიბოს სპეციალური დეპუტატური კომისია;
· ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების მიზეზებზე;
· უზრუნველყოს პარლამენტის მანდატით აღჭურვილი ღია და გამჭვირვალე პროცესი.
წერილს ხელს აწერენ როგორც ცნობილი ჟურნალისტები, ისე ვეტერანები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: გენადი ალამია, გურამ გუნბა, ასლან კობახია, ლეონიდ ჩამაგუა, ტატიანა გულია, ახრა ბჟანია და სხვ.
30 ივლისს აფხაზეთის პარლამენტმა ოფიციალურად მიიღო დადგენილება, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც სანქციების საკითხს იკვლევს. კომისიის მიზანი იქნება იმის დადგენა, თუ რა ფაქტორებმა და გარემოებებმა განაპირობა რუსეთის მხრიდან ასეთი მკაცრი ნაბიჯი აფხაზეთის რიგ მოქალაქეთა მიმართ.
სანქციები ძირითადად შეეხო იმ პირებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხშირად საჯაროდ აკრიტიკებდნენ აფხაზეთის ხელისუფლების კურსს ან რუსეთის პოლიტიკას რეგიონში.
