აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციონერი ლაშა ზუხბა თბილისის პროტესტებს მხარს უჭერს.
“ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით, ვუცხადებ სოლიდარობას თბილისელებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ. გვახსოვს თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერა პიცუნდის შეთანხმების საკითხზე, ხოლო უცხოეთის აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტი წინ გველის. ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროტესტი უშედეგო არ იქნება და კანონი არ იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ერი, ამ შემთხვევაში ქართველები თავის სიმტკიცეში დაუმარცხებელია. ვუსურვებ სულიერ სიძლიერეს და წარმატებას დასახული მიზნის მიღწევაში”. – წერს ზუხბა.
ზუხბა, რომელიც აფხაზეთის ვეტერანებისა და ახალგაზრდობის კავშირის წარმომადგენელია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს.
“მინდა გითხრათ, რომ სოლიდარობა მომიტინგეებთან არის სოლიდარობა კონკრეტულ საკითხზე და არა რამე სხვა”. – ამ სიტყვებით უპასუხა ზუხბამ კრიტიკოსებს.
აფხაზეთში უცხოური გავლენის აგენტების კანონი მარიონეტული რეჟიმის პარლამენტში უკვე შეტანილია და ის რუსეთში მოქმედი, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონის ანალოგიურია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს მისია. კანონის მიღების შემთხვევაში აფხაზეთში მათი მუშაობა შეფერხდება.
ზუხბა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მარიონეტული მთავრობა უცხოეთის აგენტების კანონის მიღების ინიციატივაზე გააკრიტიკა:
“ვხედავ, რომ ამ კანონის მიღების ინტერესი მხოლოდ აფხაზეთის მთავრობას გააჩნია. მე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ეს კანონი განსხვავებული აზრისა და სიმართლის დევნის ინსტრუმენტია”.