ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე „შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ“.
გამოცემა „აიაშარას“ ცნობით, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბერს გალის რაიონის „შინაგან საქმეთა სამმართველოში“ შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.
”შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი კარბაია პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ ე.წ. „უწყებაში“.
მათი მტკიცებით, კარბაია აგრძელებდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას პოლიციელების მიმართ და შენიშვნებზე რეაგირებას არ ახდენდა. ე.წ. შსს-ს მტკიცებით, გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილმა კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევის მიზნით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ე.წ. უწყების ცნობით, 7 დეკემბერს დილით, “პრევენციული საუბრის შემდეგ“ კარბაია გაათავისუფლეს“.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღით გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.