აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს, რომ რუსეთზე იჯარით გასცეს 3 დიფერენციალური ჰესი, რომლებიც ენგურჰესის ნაწილია – DRI

„რუსული ეკონომიკური ანექსია აფხაზეთში უკვე აქტიურ ფაზაშია და სავარაუდოდ 2024 წლის წლის მაისამდე, ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორებიცაა, აეროპორტი, ელექტროსადგურები და სხვადასხვა უძრავი ქონება სრულად გააკონტროლებს“, – ამის შესახებ მასალას DRI აქვეყნებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ ს დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. დე ფაქტო მთავრობა საჭირო ფინანსების მობილიზებას ვერ შეძლებს და ამის სანაცვლოდ აპირებს, რომ იჯარით გასცეს 3 დიფერენციალური ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია.
გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
„აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. რუსეთის ფედერაცია ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ, ელექტროენერგიის საფასურის ეტაპობრივ და წინასწარ დაფარვას ითხოვს.
რუსული მხარისთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საჭირო ფინანსების მობილიზებას ვერ შეძლებს, ვინაიდან აფხაზური ბიუჯეტი რუსულ ფინანსურ დოტაციაზეა.
სსიპ „ჩერნომორენერგოს”, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ევალება. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ენერგო კრიზისი გარდაუვალია; თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, ოკუპირებულ აფხაზეთს გარანტირებული გრაფიკი ემუქრება.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა არჩევანის წინაშე დგას, გაუძალიანდეს რუსეთს და მოემზადოს მკაცრი ზამთრისთვის, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოთხოვნებს დაჰყაბულდეს და უფრო დამთმობი გახდეს. საჯარო წყაროებით ცნობილია, რომ აფხაზეთი რუსეთთან დათმობას ამჯობინებს. დე ფაქტო მთავრობა აპირებს იჯარით გასცეს სამი დიფერენციალური ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია.
DRI-ის შეფასებით, რუსული წნეხი აფხაზებზე რამდენიმე მიზანს ემსახურება:
რუსებს აფხაზეთში ენერგო სექტორის სრულად გაკონტროლება სურთ – აფხაზეთისთვის და არამხოლოდ, ეს სტრატეგიული უსაფრთხოებისა და ინტერესების საკითხია;
რუსეთი ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის არამხოლოდ 49 წლიანი იჯარით, არამედ ამ ტერიტორიაზე არსებული შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რაც ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთის საკუთრებაში გადაცემასაც ნიშნავს – ამ ტერიტორიაზე პუტინს რეზიდენციის მოწყობა სურს;
ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ე.წ. აპარტ-ოტელების კანონის მიღება და რუსებისთვის ძველი სასტუმროების ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემაა.
რუსული ეკონომიკური ანექსია აფხაზეთში უკვე აქტიურ ფაზაშია და სავარაუდოდ 2024 წლის წლის მაისამდე, რუსეთი ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორებიცაა, აეროპორტი, ელექტროსადგურები და სხვადასხვა უძრავი ქონება სრულად გააკონტროლებს.