ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე, დღეს დილიდან ხმაურია – მერიის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი, სამშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს და საცხოვრებელი მძიმე ტექნიკით დაანგრიეს. არადა, საცხოვრებელი იმდენად პატარა იყო სამშვილიანი ოჯახისთვის, რომ წესით, დანგრევას კი არა, გაფართოებისთვის გეგმას უნდა სთავაზობდეს მას ქვეყანა. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამას ერთი შვილი სამკურნალოდ ჰყავს სხვა ქვეყანაში წაყვანილი და საქართველოში არ იმყოფება.
დედა და შვილები სად გაათევენ ღამეს აწი, – უცნობია.
ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები და უფლებადამცველები და აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონდა დევნილი ოჯახის წინასწარ გაფრთხილებისა და ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმა.
ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ მსგავი, ე.წ. უკანონოდ აშენებული სახლები შერჩევით ინგრევა და თუ ადგილობრივი მმართველობის მაღალჩინოსანთა მეგობარი, ახლობელი ხარ, არ შეგეხებიან და რომ პირადი ინტერესებით ინგრევა, ან არ ინგრევა სახლები. ჰყვებიან, რომ მერიის თანამშრომლებმაც აიშენეს ასე სახლები, მაგრამ მათ ქონებას არ ეხებიან.
მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, შენობა უკანონოდ იყო აშენებული და მასზე შესაბამისი ნებართვა არ არსებობდა.
