როგორია აფხაზეთიდან დევნილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 27 იანვარს დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა და დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, კითხვით სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს მივმართეთ.
“პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას სხეულის 62% აქვს დაზიანებული. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ ინჰალაციური დამწვრობა/დაზიანება და გახანგრძლივებული დამწვრობითი შოკი. ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მას თერმული ტრავმა სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული”, – განუცხადა ექიმმა ნეტგაზეთს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სუიციდი სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღებაზე უარის გამო სცადა.
ნეტგაზეთის ცნობით, ამ ფაქტის შემდეგ სახელმწიფომ უკვე შეთავაზა დაზარალებულის ოჯახს ბინა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტოში “პირადი ინფორმაციის” გაცემაზე უარი გვითხრეს.
“მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება [სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, თვითმკვლელობამდე მიყვანა].” – განუცხადეს ნეტგაზეთს უწყებაში.
27 იანვრის შემთხვევას გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა საცხოვრისის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც ისინი “30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს”. ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტიდან გამომდინარე, მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ.
“დევნილთა სააგენტოს ეზოში დევნილი მამაკაცის მხრიდან გამოხატული პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. 2022 წელს დევნილთა სანატორიუმიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკლვლეობით დაასრულა, იმ ფონზე, როცა ამ სანატორიუმიდან განსახლებას დევნილები წლების მანძილზე ითხოვდნენ, რადგან შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
“ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი.