აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი „EmpowerHer: გოგოების ბანაკი თანასწორობისა და ლიდერობისთვის“ განხორციელდა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“, პროექტი – ,,EmpowerHer: გოგოების ბანაკი თანასწორობისა და ლიდერობისთვის” განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულმა დან იძულებით გადაადგილებულმა 30-მა ახალგაზრდამ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ კვალიფიციური ტრენერის სემინარები ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, დევნილ ქალთა მხარდაჭერის მიმართულებებით, ასევე, აქტიურად ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში, გაემართათ დისკუსიები და განეხილათ თავიანთი მოსაზრებები.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული გოგონების გაძლიერება და ურთიერთდაახლოება.
ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი გრეტა წიწავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის “გულანის“ თავმჯდომარე, პოეტი და მწერალი ნაირა მარშანია.
„მინდა პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ლიდერები. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, სიძლიერე, რათა ერთიანი საქართველოს ძლიერი მომავალი ერთად შევქმნათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და ამ გზაზე რაც მეტად წარმატებულები, განვითარებულები ვიქნებით, მით უფრო მალე ავაშენებთ და გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.
ადამიანური გარემოებების დალაგება არის თითოეული ჩვენგანის ტვირთი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთად, ერთმანეთის ხელი-ხელ ჩაკიდებით ქვეყნის გაერთიანება. დავარწმუნოთ აფხაზები, რომ ერთნი ვართ და მხოლოდ ჩვენთან ერთად გადარჩებიან, ამისთვის უნდა ვიყოთ გულწრფელები.
მე მჯერა, რომ ამ რეალობაში თქვენი შესაძლებლობა იქნება განუზომლად მნიშვნელოვანი და სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეხება არ ჰქონია კონფლიქტთან, თქვენ ხართ ყველაზე ლაღები, თავისუფლები და უნდა აგრძნობინოთ ჩვენი ოჯახის წევრებს – აფხაზებს ეს თავისუფლება.
გისურვებთ წარმატებებს და მიხარია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებით კიდევ უფრო ძლიერები, უფრო წარმატებულები ხდებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით ლიდერი ქალბატონები, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოთ და ჩვენ შევეცდებით, რომ ბევრი შესაძლებლობა მოგცეთ ამისთვის“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ