აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ქართული ოცნებიდან დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ ბოდიში აფხაზებსაც უნდა მოვიხადოთ. ამის შესახებ მან გამოცემა ბათუმელებს განუცხადა.
“აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში. იმას, ვისაც იარაღი არ ეკავა ხელში. შერიგება სხვანაირად არ მოხდება. […] რა თქმა უნდა, ბოდიში ერთმანეთისთვის გვაქვს მოსახდელი და, რა თქმა უნდა, შესარიგებლები ვართ”, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
ბაციკაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ბოდიშთან დაკავშირებით კითხვის დასმის გამო “სეპარატისტი” და “ქვეყნის მტერია”.
14 სექტემბერს
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.
ივანიშვილის სიტყვებს დადებითი შეფასება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მართული ლიდერების მხრიდან. გარდა ამისა, რუსეთში განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს.