აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, 15 ნოემბერს, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, აფხაზეთში „დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი.
როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლებას დაკარგვა მოჰყვება.
გარდა ამისა, ჯემალ გამახარიას თქმით, რუსულ მედიაში გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი.
„აფხაზები ინვესტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის. წარმოიდგინეთ, ვითომ ვიღაც დიდ სიკეთეს გიკეთებთ, თქვენ წინააღმდეგი ხართ და რადგან წინააღმდეგი ხართ, გსჯიან. მუქარებია [რუსულ მედიაში] – რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რაღაც ზომები მიიღოს ამ აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ და ჩააცხროს ეს ყველაფერი. გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი, თუ ეს ასე გაგრძელდება. კარგად ჩანს, ვის ინტერესებშია ეს ე.წ. ინვესტიციები, რომელიც აფხაზეთში უნდა შემოვიდეს და ამით ვითომ აშენდეს აფხაზეთი, ცხოვრების დონე ამაღლდება, ბიუჯეტი გაიზრდება და ა.შ. ამას იარაღით და ძალის გამოყენებით გააკეთებს რუსეთი – ამასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, რომ საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა გუშინ, ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა.