„აფრიკის“ დასახლებაში ათობით ოჯახი გამოასახლეს საცხოვრებელი შენობიდან

როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ შენობაში მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ შემოკავებული.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების მიხედვით, ამ შენობაში მცხოვრები ოჯახების სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 11 ივნისიდან მიმდინარეობდა.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან „მიიღეს შეთავაზებები“. გარდა ამისა, იმ ოჯახებს, რომელსაც არ ჰქონდათ მსგავსი სტატუსი „კრედიტორმა შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა“.
ამ დროისთვის თვალჭრელიძის ქუჩაზე ამ შენობის პერიმეტრს მიღმა რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც ვერ შეთანხმდნენ.
აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დღეს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.
გამოსახლების პროცესში პოლიციამ დააკავა, დაახლოებით, 10 ადამიანი. მათ შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.
როგორც წესი, ასეთ დროს პოლიციელები ეყრდნობიან ხოლმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავს შეუძლია მოქალაქის ადგილზე დაკავება – სასამართლოს კი შეუძლია მას დააკისროს 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
თბილისის მერი, ამბობს, რომ გამოსახლება მიმდინარეობს „საფრთხის შემცველი“ კორპუსიდან.
„აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა“, – თქვა კახა კალაძემ და ვიდეომიმართვაში აჩვენა კორპუსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!