საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, 2016 წელს, სანამ მის ავტომობილს ააფეთქებდნენ, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიღეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილისგან.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ ჩვენების მიხედვით, დარჩო ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის თვალთვალს შოთა ჭიჭიაშვილთან შეხვედრისა და დაპირების მიღების შემდეგ დათანხმდა.
„ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.
თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო“, – აღნიშნა პროკურორმა ამირან გუგულაშვილმა.
მისივე სიტყვებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა:
„რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა“.
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა. მასზე ძებნა გამოცხადდა, 2019 წელს კი 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დარჩო ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა მას საქართველოში შემოსვლა უნდოდა.