საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის გაუარესებასა და თანასაკნელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას უჩივის. ამის შესახებ მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ განაცხადა, რომელმაც 21 აგვისტოს, დაკავებულ ჟურნალისტთან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში შეხვედრის უფლება მოიპოვა.
“აფგანი ძალიან დაძაბული და შეშფოთებულია. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრულწლოვანი ქალიშვილები, არ არიან დაცულები. ჩვენ კვლავ ვგრძნობთ რომ თბილისში გვითვალთვალებენ და ვცდილობთ არ დავტოვოთ ნაქირავები ბინა, თუ ამის აბსოლუტური საჭიროება არ არის. აფგანმა ასევე თქვა, რომ მის საკანში მოათავსეს ისეთი ხალხი, რომლებიც აკვირდებიან მის ყველა ქმედებას. აფგანს შეექმნა ჯანმრთელობის ახალი პრობლემები. ნერვული სისტემა დარღვეული აქვს და აწუხებს უძილობა. მიუხედავად სხვადასხვა მედიკამენტების მიღებისა, მისი ნერვული დაძაბულობა არ ქრება” – სადიგოვის მეუღლეს ციტირებს “კავკაზსკი უზელი”.
მისი თქმით, სადიგოვი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გაყალბებულია.
“აფგანმა თქვა, რომ მისი საქმეში ფიგურირებს ისეთი პირების საჩივრები, რომლებსაც ის არც კი იცნობს, არასდროს უნახავს და არ უსაუბრია ტელეფონით. საჩივარი გამოგონილია. აფგანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, მას დიდი საფრთხე ემუქრება. იქ უკვე შესაძლებელი იქნება მისთვის ნებისმიერი უფრო მძიმე ბრალდების წაყენება. აფგანი დარწმუნებულია, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლება 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.