აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანებისა და ქვეყნების, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში მას დახმარება გაუწიეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მედიას, რადგან ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში. ასევე მადლიერი ვარ ჩემი ადვოკატებისა და საერთაშორისო პარტნიორების. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ჰუსეინ ბაკიხანოვი საქართველოში შეკვეთით მოკლეს. ასევე მოკლეს ბაირამ მამედოვი. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს”,- განაცხადა მან.
სადიგოვის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებზეც.
„ყოველ ჯერზე, როდესაც მე აზერბაიჯანში მაკავებდნენ, ისინი ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით იმუქრებოდნენ. ყოველი მსგავსი შემთხვევის დროს მე მივმართავდი ალიევს, რომ ეს ჩემი ბრძოლაა და ოჯახს შეეშვან. სამწუხაროდ, დიქტატორები არასოდეს გამოსწორდებიან”, – აღნიშნავს ის.
ამასთან, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციის დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების პარტნიორობასა და მსგავსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.
„მათ დაურქმევიათ „ქართული ოცნება“ პარტიისთვის, ეს არ არის ქართველების ოცნება, მათი ოცნება არ არის დიქტატურაში ცხოვრება. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკან დაიხიონ იმ გზიდან, რომელზეც ახლა არიან. არ არის საჭირო არც პუტინის და არც ერდოღანის მითითებების შესრულება. ყველაზე სწორი გზა არის საკუთარი ხალხის სიყვარული და ხალხისადმი მსახურება. მე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და ილჰამ ალიევის გარემოცვაზე უამრავი ფაქტი და მასალა შევაგროვე და შემდეგ გავასაჯაროვე. ამიტომ ორჯერ პოლიტიკური პატიმარი გავხდი. რაც უფრო მეტხანს მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება აქ, მით უფრო მეტად სანანებელი გაუხდებათ ეს მათ. რა თქმა უნდა, აქ საფრთხე არსებობს. ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც”,- განაცხადა სადიგოვმა.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისთვის გირაოს დაწესებას, სადიგოვი აცხადებს, რომ მის გადახდას არ აპირებს.
„არ ვეთანხმები გირაოს დაწესებას და არ ვაპირებ მის გადახდას. ვფიქრობ ალიევმაც და კობახიძემაც საკუთარი ქვეყნების ბიუჯეტი გააჩანაგეს და არ ვაპირებ ამ გირაოს გადახდას.“- აღნიშნა მან.
