რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი 2 სარჩელი მზადების პროცესშია. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი “აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული”, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფორმით.
“ჩვენ იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობასთან დაკავშირებით ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და ამას წარვუდგენთ სასამართლოს. სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე თუ რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, იქნება ეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რასაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა, ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა”. – თქვა იოსელიანმა.
11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციოში სარჩელს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეიტანს.
30 მაისს, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას”. – ნათქვამი იყო NGO-ების განცხადებაში.