„აუცილებლად დავბრუნდები და ჩავებმები პოლიტიკურ ცხოვრებაში…” – გოგი წულაია

ქართველო პოლიტიკოსი გოგო წულაია, რომელიც რამდენიმე წელია იძულებით ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას გეგმავს.
მან საქართველოდან წასვლის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„წასვლით 2022 წლის იანვარში წავედი, ცნობილი ინციდენტის გამო, რომელზე ლაპარაკიც აღარ მინდა. ციხეშიც კი ვიჯექი და არა მხოლოდ ამის გამო, მქონდა ინფორმაცია, რომ ისევ უნდა დავეჭირეთ. აღარც გირაო მიშველიდა და არც არარსებული დანაშაულის აღიარება. სასწრაფო წესით გადმოვედი საფრანგეთში და მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი. თუმცა, იქ მხოლოდ დაახლოებით წელიწადი და ათი თვე დავრჩი, საფრანგეთმა უარი მითხრა. საერთოდ, ამ ბოლო წლებში იშვიათად აძლევს საფრანგეთი ვინმეს პოლიტიკურ თავშესაფარს. მიზეზად მითხრეს, – საუკეთესო სასამართლო სისტემა გაქვთ, წადი შენს ქვეყანაში და იქ გაგასამართლონო…
ამ წუთებში გერმანიაში ვარ. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა უშუალოდ სტადიონზე შევძელი და ძალიან ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. უბედურად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ემიგრანტების 90% მცნობს და ყველა ცდილობს პატივი მცეს. ღამის გასათევის, სითბოს და იმედის განცდა არ მაკლია, იოლად გადამაქვს ემიგრაცია. არ ყოფილა ქვეყანა და ქალაქი, სადაც მასპინძელი არ მყოლია. ჩანაწერებიც მაქვს ამ ყველაფრის შესახებ, რომლებსაც ალბათ ოდესმე გამოვაქვეყნებ. აქ ჩამოსული ქართველები მძიმე დღეში არიან და ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში გაშლილ კარვებში ათენებენ ღამეებს. მე კი სულ მქონდა ჭერი და თბილი საწოლიც, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში და ოჯახში ვიყო. მეტად რაღა უნდა დავისაჯო – ორ წელზე მეტია ემიგრაციაში ვარ, ციხეშიც ვიჯექი. ვეღარ მიძლებს გული, მინდა იმ პროცესებში ვიყო ჩართული, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას. მე სხვანაირი ცხოვრება არ ვიცი და არც წარმომიდგენია. აქაც პოლიტიკაში ვარ. ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდივარ და ემიგრანტებს ვხვდები, მათთან ერთად ვცხოვრობ, მათ პრობლემებზე ვფიქრობ.
მიკვირს რომ დაწყებული აქვს ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, ბრიუსელშიც მოუწერიათ ხელი რაღაც შეთანხმებისთვის. ყველაფერს შეეშვან და პირველ რიგში, ხელისუფლება აიძულონ, ემიგრაცია ჩართონ არჩევნებში, ყველა ქალაქში გაახსნევინონ საარჩევნო უბნები. დამიჯერონ, ეს ერთ-ერთი უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა”, – განაცხადა გოგი წულაიამ „გზასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა