ფაროსანა, როგორც დაუმარცხებელი პრობლემა – მავნებლის მხრიდან წარმოქმნილ გამოწვევებზე ამჯერად ციტრუსის ფერმერები საუბრობენ. ამბობენ, რომ წელს, მანდარინი ფაროსანას მიერ არის მასიურად დაკბენილი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა კვლავინდებურად უწევთ მეთხილეებსაც. ფერმერები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან პერიოდული შეწამვლითი სამუშაოები საკმარისი აღარ არის.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ ქიმიურ შეწამლვებს თავისი ეფექტი აქვს, რამაც წლიდან წლამდე მავნებელი მწერის რაოდენობა შეამცირა, თუმცა მისი თქმით, პროცესში ბუნებრივი მეთოდების გამოყენებაც უნდა ჰქონდეს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ფაროსანას პრობლემის სრულად გადაჭრა სავარაუდოდ ვერ მოხდება, რადგან ეს მავნებელი უკვე ადგილობრივი ეკოსისტემის ნაწილი გახდა, თუმცა მისი შეფასებით, აუცილებელია ახალი მეთოდებით მათ მიერ მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
“2015-16 წლებთან შედარებით მიმდინარე წელი ან თუნდაც გასული წლები ფაროსანა ბევრად უფრო ნაკლები პოპულაციით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია რაოდენობა. ეს არის პოლიფაგი მწერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის სხვადასხვა სახეობის მცენარეებს აზიანებს. დაწყებული ციტრუსიდან და თხილიდან მათ შორის დეკორატირული მცენარეებით, ფაროსანა არ ინდობს არავის. გარკვეული შედეგები არის.
შექმნილი შტაბი ახორციელებს ორი ტიპის წამლობებს ახორციელებს, ეს არის თერმული ნისლით დამუშავება და ცივი შესხურებით დამუშავება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ რომ გარკვეული ტიპის ძვრები შევიდეს მის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და მას დაემატოს სხვადასხვა ინტეგრირებული მეთოდები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამეცნიერო საზოგადოების ჩართვა და კვლევების გაკეთება. მათ შორის ადრე საუბარი იყო იაპონური სამურაი კრაზანას შემოყვანაზე ქვეყანაში, მე პირადად მქონია შეხება, არის მისი მონათესავე სახეობებიც გავრცელებული, რომელთაც პარაზიტული ზემოქმედება აქვთ ფაროსანებზე. საჭირო არის რომ უფრო მეტი კვლევები გაკეთდეს შევისწავლოთ ეს მწერი მე დარწმუნებული ვარ რომ წამლობასთან ერთად ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება გაცილებით უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს და მეტად უფრო შედეგიანი იქნება ვიდრე მხოლოდ ქიმიური წამლობა,”- აცხადებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორი გიორგი მახარაძე.