ჩამოერთმევა თუ არა უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლება? ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს. მზადდება რეზოლუციაც, რომელსაც თებერვალში უყრიან კენჭს.
ევროპელ პოლიტიკოსებს ურსულა ფონდ დერ ლეიენმა მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში მან უკრაინასთან ერთად, მოლდოვა და საქართველოც ახსენა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, გაყინული 20 მილიარდი იქამდე არ გადაეცემა უნგრეთს, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება ყველა პირობას არ შეასრულებს:
ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკურ ვითარებას და გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ ევროპის საბჭოში. გაწევრიანების მოლაპარაკებების მომზადებისას ჩვენ ვიწყებთ შემოწმების პროცესს და ახლა ვქმნით მოლაპარაკებების ჩარჩოს. ბოლო ევროპულმა საბჭომ გამოავლინა პოლიტიკური ნება, დადგეს უკრაინის გვერდით რამდენი ხანიც საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადეკვატური დაფინანსებით უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ შევთავაზეთ უკრაინას სტაბილური და არსებითი დაფინანსების გარანტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს ყოველდღიურ ფუნქციონირებას, ეკონომიკის სტაბილიზაციას და ჩვენს კავშირთან დაახლოებას. 20 მილიარდამდე ევრო კვლავ გაყინულია იმ მიზეზებით, რომლებიც მოიცავს ლგბტ უფლებებს, აკადემიურ უფლებებსა და თავშესაფრის უფლებებს. თანხის ნაწილი დაბლოკილია პირობითობის მექანიზმით და დარჩება დაბლოკილი, სანამ უნგრეთი არ შეასრულებს ყველა პირობას. ” ამბობს ლეიენი.
გამოსვლის შემდეგ ლეიენმა დარბაზი დატოვა, რაც ევროპარლამენტარების ნაწილმა უპატივცემულობად აღიქვა და ლეიენს მოუწოდა, დაესწროს დებატებსაც და პატივი სცეს ყველა გამომსვლელის აზრს.
უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის ინიციატივას “ფსკერი” უწოდა ევროპარლამენტარმა ბალას ჰიდვეგიმ.
“შეიძლება იყოს და არის კიდეც სხვადასხვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ჩვენ გვჯეროდა და გვჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალი არის ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება რაც შეიძლება მალე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ევროპკავბშირის ქვეყნებმა უნდა შექმნან ფონდი ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა, რათა დაეხმარონ უკრაინას. უნგრეთი მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. უნგრეთის იდეოლოგიური შანტაჟი მიუღებელია. და ბოლოს, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ეთანხმება ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, არის ახალი ფსკერი. როდესაც ხმის უფლებას ართმევ ადამიანს იმის გამო, რომ რაღაცას არ ეთანხმება, ეს არის დიქტატურა. გაიღვიძეთ და ნუ დაადგებით ამ გზას. ” ამბობს ის.
ევროპარლამენტარები ვიქტორ ორბანს პუტინის მოკავშირედ ღიად ასახელებენ, კვაზი-ავტოკრატს უწოდებენ და გამოდიან ინიციატივით, უნგრეთს არც EU-ს თავმჯდომარეობა გადაეცეს.
“დემოკრატია და კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ისინი საფრთხის ქვეშაა ევროპაშიც – ჩვენს სახლში. ადამიანები, რომლებიც უნდა იცავდნენ და მხარს უჭერდნენ ევროპის ფინანსურ ინტერესებს, ახლა მისი დაშანტაჟებით არიან დაკავებულები. ჩვენ ვგმობთ ვიქტორ ორბანის ქცევას, რომელიც ბლოკავს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, რაც არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების ღალატი. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს შანტაჟი? უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, უკრაინის მომავალი ევროპის მომავალია” – ევროპარლამენტარი მალიკ აზმანი.
“ევროპული დემოკრატია შესაძლოა კვდებოდეს და ეს არ არის ზედმეტად დრამატული განცხადება, რათა უბრალოდ თქვენი ყურადღება მივიქციო. ეს ხდება ერთი ადამიანის გამო და ეს არის უნგრეთის პრემიერი. მან არა მხოლოდ კვაზი-ავტორიტარული სისტემა შექმნა ევროპის მიწაზე და რუსეთის ხმად იქცა ევროკავშირში, არამედ სულ უფრო და უფრო მეტად აშანტაჟებს ევროკავშირის ქვეყნებს. კომისიამ მას მისცა ფული, რომლითაც მან თავისი ძალაუფლება გაიმყარა, საბჭომ მას მისცა უფლებები და ახლა, ბელგიის თავმჯდომარეობის შემდეგ, გასაღები გადაეცემა უნგრეთს, რაც ორბანს საშუალებას მისცემს, რომ დაადგინოს წესები ჩვენი სახელით. ეს მიუღებელია, მაგრამ ევროპის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გააკეთონ. აუცილებელია, რომ უნგრეთს ჩამოერთვას ხმის უფლება და ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ გადაეცეს კვაზი-ავტოკრატს.” განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სკოფილტმა სიტყვით გამოსვლისას.