ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, საქართველოს მთავრობა გამოთქვამს „ღრმა წუხილს და შეშფოთებას“ იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება „საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“.
„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ დღეს, 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ურყევად უცხადებდა სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას მეგობარ ქვეყანაში, ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო პლატფორმებზე შემუშავებულ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საქართველო დღემდე ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მეგობარ უკრაინელ ხალხს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების შემდეგი გადაწყვეტილებები, რომლებიც „უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული“:
· „უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
· უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა;
· უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“;
· უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა. აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა“.
„საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა დასძენს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს.
· მთავრობა შეშფოთებულია ევროკავშირსა და გერმანიაში ადეიშვილის ვიზიტების გამო
· ადეიშვილთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა — EU
· „ოცნება“ ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე გერმანიისგან განმარტებას ელის