აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების, რაც შეიძლება, მეტად მშენებლობა – მაია მელიქიძე

„საქმე დასაწყები იყო გუშინ, არამც თუ დღეს. აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების რაც შეიძლება მეტად მშენებლობა“, – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ.
„საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა რესურსების თვალსაზრისით. ჩვენ ჰიდროენერგეტიკის მხრივ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ უფრო მეტი გაკეთდეს. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ჰესების აშენებასთან მიმართებაში. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ კრიტიკულად ვთვლით, რომ დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მალე, 2030 წლიდან გაეშვება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლის საშუალებითაც ევროპას უკვე ფიზიკურად დავუკავშირდებით, კონკრეტულად რუმინეთს, და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიტანოთ ჩვენი ელექტროენერგია ექსპორტზე. ნამდვილად არ მინდა აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ვიყიდოთ ელექტროენერგია და შემდეგ მოვახდინოთ მისი ექსპორტი. საქმე დასაწყები იყო გუშინ, არამც თუ დღეს. აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების რაც შეიძლება მეტად მშენებლობა, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კომპონენტების სრული დაცვით. ამაზე 2 აზრი არა არსებობს. თუმცა. ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.