სახელმწიფომ წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში არსებული ფასდაკლებული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე მეექვსედ გამოტანის შემდეგ გაყიდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში არსებული ქონება ისრაელურმა კომპანია შპს ეიჩ ემ უაი-მ 4.8 მლნ ლარად შეიძინა.
22 ივლისს დასრულებულ აუქციონზე მონაწილეობას სამი პრეტენდენტი იღებდა. პირველი ბიჯი 19 ივლისს გაკეთდა, აუქციონის ბოლო დღეს კი მაღალი კონკურენციის შედეგად 295 ბიჯის შემდეგ ქონება საწყის ღირებულებაზე 1 475 000 ლარით ძვირად გაიყიდა.
არადა უნდა აღინიშნოს, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ 23 ივნისს ქონება ფასდაკლებით 3 325 000 ლარად მეექვსედ გამოიტანა. პრივატიზების პირველი 5 მცდელობა ჩავარდა.
აღნიშნული ქონების ახალი მფლობელი აუქციონის პირობის მიხედვით ვალდებულია საპრივატიზაციო თანხა აუქციონის დასრულებიდან 2 თვეში დაფაროს.
ამასთან, კომპანია ეიჩ ემ უაი-მ უძრავ ქონებაზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების (რაც შესაძლოა მოიცავდეს, საპრივატიზებო ქონების სადემონტაჟო სამუშაოებს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას) განხორციელებისთვის, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში უნდა ჩადოს. ამის შემდეგ კომპანია ვალდებულია 6 თვეში N 01.16.06.042.003.01.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობა (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით მზადყოფნაში უნდა მოიყვანოს და მას თავშესაფრის ფუნქცია უნდა შეუნარჩუნოს. საჭიროების შემთხვევაში კი თავდაცვითი ნაგებობა სახელმწიფოს სარგებლობაში უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.
რაც შეეხება კომპანია ეიჩ ემ უაი-ს, რომელმაც ეს კონკრეტული სახელმწიფო ქონება მეექვსე აუქციონზე იყიდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2008 წლის დასაწყისში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ისრაელის მოქალაქე ხაიმ ვაიზმენია. დირექტორი კი ასევე ისრაელის მოქალაქე დაივიდ ითზიკ ვაიზმენი.
თავდაპირველად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აქტივის პრივატიზების მიზნით აუქციონი გასული წლის 23 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ქონების შეძენით არავინ დაინტერესდა და აუქციონი არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 12 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს, ასევე უშედეგოდ დასრულდა. მესამე აუქციონი 4 მარტს გამოცხადდა და 18 მარტს დასრულდა. მეოთხე კი 25 მარტს გამოცხადდა და 8 აპრილს დასრულდა. მეხუთედ ელექტრონული აუქციონი 28 მაისს გამოცხადდა და 11 ივნისს დასრულდა.
